სამართლებრივი რჩევები

თუ პოლიციელი აპირებს შენს პირად, შენი ბინის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩხრეკას, გახსოვდეს:
  • ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მოსამართლის განჩინებით ან გამომძიებლის / პროკურორის დადგენილებით (გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში);
  • გადაუდებელი აუცილებლობის დროს მოსამართლე ჩხრეკის კანონიერებასა და დასაბუთებულობას 24 საათის ვადაში ამოწმებს;
  • ჩხრეკისას შეიძლება მოწვეული იყოს დამსწრე;
  • ამოღების ან ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია, ხელმოწერით გაგაცნოს სასამართლო განჩინება ან დადგენილება, რომლის მიხედვითაც ტარდება პროცედურა;
  • გამომძიებელს და პროკურორს უფლება აქვთ, ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა პროცედურის დამთავრებამდე;
  • ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს ან პროკურორს უფლება აქვთ, თავად გააღონ დაკეტილი სათავსო ან საცავი, თუ შენ უარს იტყვი ნებაყოფლობით გაღებაზე. ამასთან, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას;
  • დასაშვებია ჩხრეკისა და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. მსგავსი შემთხვევა ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და სასამართლოს განჩინების გარეშე ტარდება.
  • ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი, ადგენს ოქმს, ხოლო ასლი ხელმოწერით გადაეცემა გასაჩხრეკ პირს ან პირს, რომელიც ჩხრეკას ესწრებოდა.
დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიების ინსტრუქცია
დაიმახსოვრე, რომ:
  • დაკავებული შესაძლოა, ჯერ გადაიყვანონ პოლიციის განყოფილებაში ოქმის შესადგენად, შემდეგ კი იწყება დროებითი მოთავსების იზოლატორებში [დმი] თავისუფალი ადგილების ძიება.
  • დმი-ში შესახლების პროცედურა [დაკავებულის აღრიცხვა, ნივთების დალუქვა, შინაგანაწესის და უფლებების განმარტება, სამედიცინო შემოწმება], როგორც წესი, რამდენიმე საათს [3-4 საათი] გრძელდება.
  • შესახლების დასრულებამდე ადვოკატს, შესაძლოა, არ მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია დაკავებულის ადგილსამყოფლის შესახებ.
  • თბილისის იზოლატორებში ადგილების არქონის შემთხვევაში, დაკავებული პირები გადაჰყავთ რეგიონებში, რაც ზრდის შესახლების პროცესის ხანგრძლივობას.
რა ხდება ცხელ ხაზზე შეტყობინების შემდეგ და როგორ უნდა იმოქმედო შენ?
  • ცხელ ხაზზე[+995 577 07 05 63] შეტყობინების შემდეგ, დაკავებულებს გამოეყოფათ ადვოკატი დმი-ში მოსანახულებლად.
  • შეტყობინების მიღებისთანავე, ადვოკატები იწყებენ პირების ძებნას დმი-ში. ადვოკატს დაკავებულის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, არ მიაწოდონ რამდენიმე საათის განმავლობაში, იმ დრომდე, სანამ დაკავებულს კონკრეტულ იზოლატორში არ მიიყვანენ/შეასახლებენ.
  • ადვოკატები დაკავებულის მონახულების შემდეგ თავად დაუკავშირდებიან საკონტაქტო პირს, ვისგანაც დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. თუკი იცი, რომ პირის დაკავებაზე უკვე გაკეთებულია შეტყობინება ცხელ ხაზზე, სასურველია, რომ ხელმეორედ აღარ დააფიქსირო ზარი, ხოლო დაკავებულის შესახებ ინფორმაცია მიიღო შეტყობინების ავტორისგან.
  • იმ შემთხვევაში, თუ 5 საათის გასვლის შემდეგ კვლავ არ ფლობ ინფორმაციას დაკავებულის შესახებ, სასურველია, ხელახლა დაუკავშირდე ქსელის ცხელ ხაზს.
  • აქციებზე დაკავების შემთხვევაში შეგიძლია დარეკო ცხელ ხაზზე +995 577 07 05 63, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები სამართლებრივ დახმარებას გაგიწევენ.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი